უნაყოფობა მხოლოდ ქალებს არ ეხება - იგივე პრობლემა დგას მილიონობით მამაკაცის წინაშე. როგორც უახლესი კვლევები აჩვენებს, უშვილო წყვილთა დაახლოებით 40 პროცენტის შემთხვევაში, წყვილის უნაყოფობის ერთადერთი მიზეზი ან მისი ხელშემწყობი ფაქტორი არის მამაკაცი. სირთულეები სხვადასხვაა, დაწყებული სპერმის წარმოქმნის პრობლემიდან დამთავრებული სპერმის მიწოდების პრობლემამდე.

 

მამაკაცის უნაყოფობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები აზოოსპერმია (სპერმატოზოიდები არ წარმოიქმნება) და ოლიგოსპერმია (წარმოიქმნება მცირე ოდენობით სპემატოზოიდები). სხვა შემთხვევებში, სპერმატოზოიდები დეფორმირებულია ან მანამ კვდება, სანამ კვერცხუჯრედამდე მიაღწევს. იშვიათ შემთხვევებში, უნაყოფობა მამაკაცებში ასევე გამოწვეულია გენეტიკური დაავადებით, მაგალითად, მუკოვისციდოზის ან ქრომოსომული ანომალია.

მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა IVF და IUI. ექიმმა შეიძლება ასევე გაგაგზავნოთ ანდროლოგთან, რომელიც სპეციალიზირებულია მამაკაცთა უნაყოფობის საკითხებზე.

 

ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მამაკაცის ნაყოფიერებაზე

ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თავისი როლი შეიძლება რიგმა ფაქტორებმა ითამაშოს მამაკაცის ნაყოფიერებასთან მიმართებაში.

  • მოწევა: მწეველ მამაკაცებს შესაძლოა სპერმატოზოიდთა ნაკლები რაოდენობა ჰქონდეთ არამწეველ მამაკაცებთან შედარებით. პასიური მოწევა ასევე ახდენს გავლენას მამაკაცთა ნაყოფიერებაზე.
  • სითბოს ზედმეტი ზეგავლენა: საუნას ან ჯაკუზის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს სათესლე პარკის ტემპერატურა და დროებით დააქვეითოს სპერმატოზოიდთა რაოდენობა მამაკაცებში. ასევე სხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა ოდნავ გაზარდოს სათესლე პარკის ტემპერატურა - დიდხანს ჯდომამ, მჭიდრო ტანსაცმლის ტარებამ, ან ლეპტოპთან მუშაობამ - შეიძლება მსგავსი შედეგი იქონიოს.
  • ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება: ნაჩვენებია, რომ ალკოჰოლის მიღება აქვეითებს ტესტოსტერონის დონეს, ახდენს სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას და პოტენციურად იწვევს ერექციულ დისფუნქციას. მამაკაცებს, რომლებსაც ღვიძლის დაავადებები აწუხებთ, რაც გამოწვეულია ჭარბი ოდენობის ალკოჰოლის მიღებით, ასევე შესაძლოა პრობლემი ჰქონდეთ განაყოფიერებასთან დაკავშირებით.
  • სტრესი: ემოციური სტრესი მოქმედებს სხეულის მიერ ჰორმონების გამომუშავებაზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მამაკაცის მიერ ჯანმრთელი სპერმის წარმოქმნის უნარზე. გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივი დროით უნაყოფობა ასოცირდება სტრესთან, რამაც თავის მხრივ შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე.