Ludmila Barbakadze

რა მოგწონთ ყველაზე მეტად იმ საქმეში რასაც აკეთებთ?

რეპროდუქტოლოგის სპეციალობა გულისხმობს მუდმივ განვითარებას - ეს არის ჩვენი პროფესიის ერთ – ერთი დიდი უპირატესობა. ყოველი დღე, კვირა, თვე არის ახალი გამოცდილება: რეპროდუქციული მედიცინა სწრაფად ვითარდება. მუშაობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია კომუნიკაცია პაციენტებთან. ეს მკურნალობის განუყოფელი ნაწილია. რაც არ უნდა განვითარდეს მედიცინა, აუცილებელია პირადი კონტაქტი პაციენტსა და ექიმს შორის. უშვილობის მკურნალობაში კი ინდივიდუალური მიდგომა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

 

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?

თავდაუზოგავი შრომის შედეგად, უნაყოფო ოჯახების გაბედნიერება. ქალებს,რომელთაც არ შეეძლოთ დედობა, შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები და ჰყავდეთ საკუთარი შვილი, რაც დიდ სიამოვნებას განიჭებს. ჩვენი პროფესიის დახმარებით შესაძლებელია ისეთი ოცნების ახდენა, რომელსაც დედობა ჰქვია.

 

რატომ აირჩიეთ რეპროდუქციული მედიცინის სფერო?

რეპროდუქტოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც მუდმივად ვითარდედება, რომელიც მოითხოვს ექიმისგან მუდმივ მუშაობას საკუთარ თავთან და ცოდნის სრულყოფას. გარდა ამისა,უნაყოფო წყვილების დახმარება და უნაყოფობის პრობლემის გადაჭრა უდიდესი ენერგიისა და სტიმულის მომცემია.

 

რას მიიჩნევთ ინტერესის განსაკუთრებულ სფეროდ რეპროდუქციულ მედიცინაში?

რეპროდუქციული გენეტიკა და იმუნოლოგია, რეპროდუქტოლოგიის ჯერ კიდევ ამოუცნობი და ძალზედ საინტერესო მიმდინარეობებია.

 

რა არის თქვენი მიღწევა მედიცინაში?

თითოეული ახალი ორსულობა და ახალი სიცოცხლის დაბადება არის უდიდესი მიღწევა და იმ პრობლემის დამარცხება, რასაც უშვილობა ჰქვია.

 

გაგვიზიარეთ რაიმე უნიკალური რაც უმეტესობამ არ იცის თქვენს შესახებ.

მაქვს დაცული დისერტაცია რეპროდუქტოლოგიაში,კერძოდ ინ ვიტრო განაყოფიერების განხრით, რომელიც შეეხება საკვერცხის რეზერვის შეფასების მნიშვნელობას ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავალის წინასწარ პროგნოზირებაში. ასევე, ვარ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიის და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი. სტუდენტებთან ურთიერთობა და სწავლების პროცესი ჩემი, როგორც ექიმის მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილია. უდიდეს სტიმულს მანიჭებს აქტიური მონაწილეობის მიღება ახალგაზრდების განვითარებაში.

 

რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს ? რა არის თქვენი ჰობი?

თავისუფალი დრო ვცდილობ გავატარო შვილებთან და ოჯახის წევრებთან.მიყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენა,რომელიც საოცარ სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს და ჩემი განტვირთვის ერთ-ერთი წყაროა.

 

უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივწრსიტეტი.

 

რეზიდენტურა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურა-სპეციალობით რეპროდუქტოლოგია, შემდგომში სპეციალობით მეანობა-გინეკოლოგია.

 

დოქტორანტურა- ასპირანტურა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

თქვენი გამოცდილებიდან ამომდინარე, რას ურჩევთ ახალ წყვილს/მომავალ პაციენტებს?

მთავარი მითი, რომელიც უნდა გადაილახოს პაციენტებთან მუშაობის დროს, არის მითი, რომ რეპროდუქციული ფუნქციის რეალიზაცია შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ეს ასე არ არის. ორსულობა და მშობიარობა უნდა დაიგეგმოს ქალისთვის და წყვილისთვის ოპტიმალურ ასაკში. პაციენტებს მივცემდი შემდეგ რეკომენდაციებს: პირველი: უმჯობესია დაგეგმოთ ორსულობა ოპტიმალურ ასაკში.  არ დააყოვნოთ და დროულად მიმართეთ რეპროდუქტოლოგს. მეორეც: მნიშვნელოვანია გონივრული და ჯანსაღი ცხოვრების წესი: ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სათანადო მრავალფეროვანი კვება, ფსიქო-ემოციური სტაბილურობა. ცხოვრების წესი უნაყოფობის პრევენციის მნიშვნელოვანი ასპექტია. მესამე: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია, სექსუალური უსაფრთხოების დაცვა. და ბოლოს, პროცედურის ჩატარების გადაწყვეტილება და არჩევანი უნდა გაკეთდეს პაციენტთან შეანხმებით.