Nino Samseishvili

რა მოგწონთ ყველაზე მეტად იმ საქმეში რასაც აკეთებთ?

ჩემთვის ერთნაირად სასიამოვნოა ყოველი ეტაპი ჩემი ყოველდღიური საექიმო საქმიანობის, დაწყებული ახალი პაციენტის(წყვილის) გაცნობით და მათი პრობლემის გარკვევით, დასრულებული საბოლოო შედეგებით.

 

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?

ვერ ვიტყვი რომ რამით ვამაყობ. შემიძლია ვთქვა, რომ უზომოდ მაბედნიერებს ყოველი დადებითი შედეგი.

 

რატომ აირჩიეთ რეპროდუქციული მედიცინის სფერო?

6 წლის წინ, ვიდრე უშუალოდ რეპროდუქტოლოგიაში დავიწყებდი მუშაობას, უკვე მეან - გინეკოლოგად მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება მქონდა. სხვადასხვა დროს ვიმუშავე ამ სპეციალობის ყველა სფეროში. რეპროდუქტოლოგია იყო და არის ყველაზე დინამიურად განვითარებადი და ჩემთვის უსაზღვროდ საინტერესო სფერო.

 

რას მიიჩნევთ ინტერესის განსაკუთრებულ სფეროდ რეპროდუქციულ მედიცინაში?

ძალიან ნაცნობი და ძალიან უცნობი- გენეტიკა.

 

რა არის თქვენი მიღწევა მედიცინაში?

ჩემი ხელშეწყობით გაჩენილი ყოველი ახალი სიცოცხლე.

 

გაგვიზიარეთ რაიმე უნიკალური რაც უმეტესობამ არ იცის თქვენს შესახებ.

წლების წინ სადისერტაციო ნაშრომად ავირჩიე თემა” ორსულობის გავლენა ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის განვითარებასა და მიმდინარეობაზე”. მოგეხსენებათ რამდენად რთული ქრონიკული დაავადებაა ეპილეფსია. ეპილეფსიით დაავადებული ქალები უმეტესად არიან სტიგმატიზირებულები. განსაკუთრებული შიში აქვთ ორსულობის დაგეგმვასთან დაკავშირებით, ყველა შესაძლო გართულებებიდან გამომდინარე. ჩემთვის საინტერესო იყო,დამედგინა, გამოიწვწვდა თუ არა ორსულობა ამ ქრონიკული დაავადების პროგრესირებას ან გამწვავებას. ამ მიზნით ჩატარებული იქნა ექსპერიმენტული კვლევა , რომლის ფარგლებში დაკვირვება ხდებოდა სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის მოდელირებული ფორმების განვითარებასა და მინდინარეობაზე ექსპერიმენტულ ცხოველებზე მაკეობამდე , მაკეობის დროს და მაკეობის შემდეგ. ამ კვლევამ აჩვენა, რომ მაკეობას არც ერთ ჯგუფში არ გამოუწვევია ეპილეფსიის პროგრესირება ან გამწვავება. პირიქითაც. მაკეობის დროს განვითარებული ეპილეფსიური სტატუსი იყო მნიშვნელოვნად მსუბუქი, ვიდრე მაკეობამდე და მაკეობის შემდეგ. მიღებულმა შედეგებმა მომცა საფუძველი, მეტად გავთამამებულიყავი ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში ორსულობის დაგეგმვასა და მართვაში და მრავალჯერ გავიზიარე ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების დედობის სიხარული.

 

რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს ? რა არის თქვენი ჰობი?

ბოლო წლებია, თავისუფალ დროს კანვაზე ვქარგავ. დიდ სიამოვნებას და სიმშვიდეს მგვრის ტილოზე უჯრედ-უჯრედ სილამაზის შექმნა.

 

უნივერსიტეტი

მოსკოვის ი.მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი.

 

რეზიდენტურა

კლინიკური ორდინატურა-მოსკოვის ი.მ.სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის მეანობა- გინეკოლოგიის კათედრა.

 

დოქტორანტურა- ასპირანტურა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მაძიებელი.

 

თქვენი გამოცდილებიდან ამომდინარე, რას ურჩევთ ახალ წყვილს/მომავალ პაციენტებს?

არ გადადოთ რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი. დროული მიმართვა მნიშვნელოვნად შეამოკლებს თქვენს გზას სასურველ შედეგამდე.