Tamar Khasaia

რა მოგწონთ ყველაზე მეტად იმ საქმეში რასაც აკეთებთ?

ჩემს საქმეში მიყვარს და მომწონს ყველაფერი, ყოველი წვრილმანი. სხვანაირი „მე“ ჩემთვის წარმოუდგენელია. ყოველი ახალი შემთხვევა ახალი გამოწვევაა, ახალი გამარჯვება.

 

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?

მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი. ჩემთვის ყოველი კარგად გაკეთებული საქმე გამარჯვება და ბედნიერებაა. მიყვარს და არ მენანება არც ერთი წუთი, რასაც ამ საქმისთვის ვაკეთებ. ყველაზე ძვირფასი ნდობა და სიყვარულია იმ ადამიანებისგან, ვინც საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს მანდობს.

 

რატომ აირჩიეთ რეპროდუქციული მედიცინის სფერო?

ენდოკრინოლოგია ეს მთელი ბიოქიმიაა, ათასობით რგოლი უნატიფესი მექანიზმით დაკავშირებული ერთმანეთთან. ერთი ასეთი რგოლის ამოვარდნა მთელი რიგ პროცესებს თავდაყირა აყენებს. წარმოიდგინეთ უწვრილესი პაზლებისგან აწყობილი ძალიან საინტერესი სურათი, ამ სურათის ჯადოქარი ხარ ენდოკრინოლოგი, ასე აწყობ და ქმნი მთლიანს. ეს არის ზოგადი ენდოკრინოლოგია, რომელიც საშუალებას მაძლევს, მრავალფეროვანი იყოს ჩემი პაციენტების ისტორია და არ ვარ ერთ კონკრეტულ განხრას მიჯაჭვული. რაც შეეხება რეპროდუქციულ ნაწილს, ახალი სიცოცხლის შექმნაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!. შვილოსნობის თემასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა კიდევ უფრო მეტი სტიმულის მომცემია.

 

რას მიიჩნევთ ინტერესის განსაკუთრებულ სფეროდ რეპროდუქციულ მედიცინაში?

ენდოკრინოლოგია ფეხდაფეხ ვითარდება რეპროდუქციულ მედიცინასთან ერთად. ყოველი ახალი ინფორმაცია მეტად საინტერესოა და ენდოკრინოლოგებს გვეხმარება, კოლეგებთან ერთად, ხელი შევუწყოთ ორსულობის მთელი პერიოდის მშვიდად მართვას და შესაბამისად, ახალი, ჯანმრთელი სიცოცხლის დაბადებას.

თუმცა ვიტყოდი, რომ ჩემთვის არანაკლებ სანტერესოა დიაბეტოლოგიაში მიმდინარე სიახლეები ან თუნდაც ფ/ჯ-ის სიმსივნესთან დაკავშირებული ახალი მონაცემები.

 

 

რა არის თქვენი მიღწევა მედიცინაში? 

ყოველი სწორად ნამართი დაავადება, ყოველი თავიდან აცილებული გართულება, ყოველი ახალი სიცოცხლე ეს გამარჯვებაა და მაბედნიერებს.

 

გაგვიზიარეთ რაიმე უნიკალური რაც უმეტესობამ არ იცის თქვენს შესახებ.

ყველა ექიმს აქვს თავის სპეციალობაში ნიშა, დაავადება რომლის მართვაც მას უყვარს. ჩემთვის ასეთი შაქრიანი დიაბეტია, განსაკუთრებით დიაბეტი და დიაბეტური ჰეპატოპათია, დიაბეტური ნეიროპათია. პროფესიის ეს წილი განსაკუთრებულ სიამოვნებას მგვრის. არასდროს მიფიქრია რეპროქდუციაში მუშაობაზე. საქართველოში დაბრუნებულმა მალევე გადავწყვიტე კიევში დაბუნება, სტაციონარის იქაური პირობების ჩვენს ქვეყანაში არ არსებობის გამო. ჩემმა მეგობარმა, ის გინეკოლოგი გახლავთ, განათლება მასაც საზღვარგარეთ აქვს მიღებული და კარგად ესმოდა რის დეფიციტსაც განვიცდიცი, ერთ-ერთ კონსულტაციაზე ასე ჩუმად შემომაპარა: არ გაინტერესებს ნახო საშვილოსნოს ყელზე ცვლილებები აუტოიმუნური თირეოიდიტის დროსო?.. რა თქმა უნდა, მაინტერესებდა და შევყევი საპროცედუროში. აქედან დაიწყო ახალი ინტერესიც, რასაც შემდეგში უფრო საინტერესო თავსატეხები მოჰყვა, უშვილობა და მასთან დაკავშირებული ენდოკრინული ცვლილებელი. ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, განსაკუთრებით, როცა ბავშვებით ხელში მოდიან, მგონია ფრთები მესხმება. ასე შემოვრჩი დღემდე თქვენი მონა-მორჩილი სამშობლოს.

 

 

რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს ? რა არის თქვენი ჰობი?

თავისუფალი დრო, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა მაქვს პროფესიიდან გამომდინარე, ძირითადად, მეგობრებს ვუთმობ. მიყვარს კითხვა, ქსოვა, სამკაულების შექმნა.

 

უნივერსიტეტი 

ი. ჯავახისვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

 

რეზიდენტურა 

პ. ლ. შუპიკის სახელობის ეროვნული სამედიცინო აკადემია. კიევი. უკრაინა.

2007-2010წწ- ქ. კიევის ვ.პ. კომისარენკოს სახ. ენდოკრინოლოგიისა და ნივთირებათა ცვლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. დიაბეტოლოგიისა და კლინიკური ფარმაკოლოგიის განყოფილება.

 

თქვენი გამოცდილებიდან ამომდინარე, რას ურჩევთ ახალ წყვილს/მომავალ პაციენტებს?

გაუფრთხილდნენ ყველაზე ძვირფასს, საკუთარ ჯანმრთელობას. ექიმთან დროული ვიზიტი ძალიან ბევრ პრობლემას აარიდებთ თავიდან.